feet

იოანეს სახარება

ნამდვილი ამბავი



1დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. 2ის იყო დასაწყისში ღმერთთან. 3ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. 4მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ნათელი ადამიანთა. 5და ნათელი ბნელში ჩანს და ბნელი ვერ მისწვდა მას. 6იყო კაცი, მოვლინებული ღმერთისაგან, და სახელი მისი იოანე. 7იგი მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლის შესახებ, რათა ყველას ერწმუნა მისგან. 8ის კი არ იყო ნათელი, არამედ რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ. 9იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ქვეყანაზე მომსვლელ ყოველ ადამიანს. 10იყო ქვეყანაზე და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ის ვერ იცნო. 11თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი. 12ხოლო რომელთაც მიიღეს იგი, მისცა მათ ხელმწიფება ღმერთის შვილებად გახდომისა, ვისაც სწამს მისი სახელი, 13რომელნიც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნდომისაგან, არა მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღმერთისაგან იშვნენ. 14და სიტყვა ხორციელი გახდა და დაემკვიდრა ჩვენს შორის და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მხოლოდშობილისა მამისაგან, აღსავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა. 15იოანე მოწმობს მასზე და ღაღადებს: „ეს იყო, ვისზეც ვთქვი: ‘ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უწინარესია, რადგან ჩემზე უწინ იყო.’“ 16და მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ. 17რადგან რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა. 18ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. ღმერთის მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, გააცხადა.




13მოახლოებული იყო იუდეველთა პასექი და იესო ავიდა იერუსალიმს. 14და ნახა ტაძარში ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი, და იქ მსხდომი ფულის მცვლელები. 15და გააკეთა საბელის შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარებიც და ცხვრებიც, ფულის მცვლელებს მონეტები დაუბნია და დახლები აუყირავა. 16მტრედების გამყიდველებს უთხრა: „გაიყვანეთ ესენი აქედან და ჩემი მამის სახლს ნუ აქცევთ სავაჭრო სახლად.“ 17გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: „შენი სახლის შური შემჭამს მე.“ 18მიმართეს იუდეველებმა და უთხრეს მას: „რა სასწაულს გვიჩვენებ, ამას რომ აკეთებ?“ 19მიუგო იესომ და უთხრა მათ: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას.“




1იყო კაცი, ერთი ფარისეველთაგანი, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი. 2იგი მივიდა მასთან ღამით და უთხრა: „რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღმერთისგან ხარ მოსული მოძღვრად, რადგან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების ქმნა, როგორსაც შენ ახდენ, თუ ღმერთი არ არის მასთან.“ 3მიუგო იესომ და უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღმერთის სასუფეველს.“ 4ეუბნება მას ნიკოდემოსი: „როგორ შეუძლია ადამიანს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შესაძლებელია, დედის საშოში ხელმეორედ შესვლა და შობა?“ 5მიუგო იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ იშვება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღმერთის სასუფეველში. 6ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი – სული. 7ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარი: ხელახლად უნდა იშვათ მაღლით. 8ქარს, სადაც სურს, იქ ქრის, და მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და საით მიდის. ასევეა ყველა შობილი სულისაგან.“ 9მიუგო ნიკოდემოსმა და უთხრა მას: „როგორ შეიძლება ეს მოხდეს?“ 10მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და არ იცი ეს? 11ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვიცით, და ვმოწმობთ იმას, რაც გვინახავს, მაგრამ თქვენ არ იღებთ ჩვენს მოწმობას. 12თუ მიწიერისა გითხარით და არ გწამთ, როგორღა იწამებთ, ზეციერისა რომ გითხრათ? 13არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეციდან გარდამოსულისა – კაცის ძისა. 14როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს კაცის ძე. 15რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს. 16რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს. 17რადგან იმისთვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყანაზე, რომ დასაჯოს ეს ქვეყანა, არამედ, რათა იხსნას ქვეყანა მისი მეშვეობით. 18ვისაც ის სწამს, არ დაისჯება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე დასჯილია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდშობილი ძის სახელი. 19სასჯელი კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა ქვეყანაზე და ადამიანებმა ნათელზე მეტად შეიყვარეს ბნელი, რადგან ბოროტი იყო მათი საქმეები. 20რადგან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისაკენ, რათა არ იქნას მხილებული მისი საქმეები. 21ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთშია ქმნილი."




1როდესაც შეიტყო იესომ, რომ ფარისევლებს ესმათ, რომ იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათელს სცემს, ვიდრე იოანე, 2– თუმცა ნათელს სცემდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფეები – 3დატოვა იუდეა და კვლავ გალილეაში წავიდა. 4ხოლო მას სამარიაზე უნდა გაევლო. 5და მივიდა სამარიელთა ქალაქში, რომელსაც ეწოდება სიქარი, იმ მიწის მახლობლად, რომელიც იაკობმა მისცა იოსებს, თავის ძეს. 6იყო იქ იაკობის ჭა. გზით დაღლილი იესო წყაროსთან ჩამოჯდა. იქნებოდა ასე მეექვსე საათი. 7და მოვიდა ქალი სამარიიდან წყლის ასავსებად. ეუბნება მას იესო: „მასვი მე წყალი!“ 8რადგან მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმელის საყიდლად. 9ეუბნება მას სამარიელი ქალი: „როგორ, შენ, იუდეველი, წყალს მთხოვ მე, სამარიელ ქალს?“ (რადგან იუდეველებს არა აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან.) 10მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ რომ იცოდე ღმერთის ნიჭი და ვინ არის ის, ვინც გეუბნება, წყალი შემასვიო, მაშინ თვითონ შენ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს.“ 11ეუბნება მას ქალი: „უფალო, არც ჯამი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდანა გაქვს ცოცხალი წყალი? 12ნუთუ შენ მეტი ხარ ჩვენს მამა იაკობზე, რომელმაც ეს ჭა მოგვცა? და თვითონაც აქედან სვამდა, მისი ძენიც და მისი პირუტყვიც?“ 13მიუგო იესომ და უთხრა მას: „ყველას, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება, 14ხოლო ვინც შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, გადაიქცევა მასში წყაროდ, რომლიდანაც წყალი საუკუნო სიცოცხლედ იდენს.“ 15ეუბნება მას ქალი: „ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ.“ 16ეუბნება მას: „წადი, შენს ქმარს მოუხმე და მოდი აქ.“ 17მიუგო ქალმა და უთხრა: „არა მყავს ქმარი.“ ეუბნება მას იესო: „კარგად თქვი: ქმარი არა მყავს, – 18რადგან ხუთი ქმარი გყავდა და, ვინც ახლა გყავს, არც ისაა შენი ქმარი. მართალი თქვი.“ 19ეუბნება მას ქალი: „უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ. 20ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია თაყვენისცემის ადგილი.“ 21ეუბნება მას იესო: „ქალო, მერწმუნე, დგება ჟამი, როდესაც არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას. 22თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს, ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა. 23მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამა ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს. 24ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ მას სულითა და ჭეშმარიტებით.“ 25ეუბნება მას ქალი: „ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. როდესაც ის მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს.“ 26ეუბნება მას იესო: „მე ვარ, ვინც შენ გელაპარაკები.“ 27ამ დროს მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ ქალთან საუბრობდა, მაგრამ არც ერთს არ უთქვამს: „რას ეძიებ?“ ან: „რას ელაპარაკები მას?“ 28ქალმა დატოვა თავისი ჭურჭელი, წავიდა ქალაქში და უთხრა ხალხს: 29„წადით, ნახეთ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი ჩამიდენია. ის ხომ არ არის ქრისტე?“ 30ისინი გამოვიდნენ ქალაქიდან და მისკენ წამოვიდნენ. 31ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს მას და უთხრეს: „რაბი, ჭამე!“ 32მან უთხრა მათ: „მე მაქვს საკვები, რომელიც თქვენ არ იცით.“ 33მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ნუთუ ვინმემ მოუტანა მას საჭმელი?“ 34ეუბნება მათ იესო: „ჩემი საკვებია – ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე. 35განა თქვენ არ ამბობთ, რომ კიდევ ოთხი თვე და დადგება მკა? და აჰა, მე გეუბნებით თქვენ: თვალი აახილეთ და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად. 36მომკელი უკვე იღებს თავის საზღაურს და აგროვებს ნაყოფს საუკუნო სიცოცხლისათვის, ისე რომ, მთესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ. 37ამგვარად, ჭეშმარიტია ანდაზა: ‘ერთი თესავს და სხვა იმკის.’ 38მე თქვენ მიგავლენთ იმის მოსამკელად, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ ნამუშაკევში შეხვედით.“ 39ბევრმა იმ ქალაქში მცხოვრებმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ ქალის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: „ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენია.“ 40ამიტომ, როდესაც მივიდნენ მასთან სამარიელები და სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო, იგი ორ დღეს დარჩა იქ. 41და კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვით.



19მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძე თავის თავად ვერაფერს გააკეთებს, თუ არ იხილავს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს. 20რადგან მამას უყვარს ძე და ყველაფერს, რასაც აკეთებს, უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც უჩვენებს, ისეთებს, რომ გაგიკვირდებათ. 21რადგან, როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და სიცოცხლეს ანიჭებს მათ, ასევე ძეც, ვისი გაცოცხლებაც სურს, გააცოცხლებს. 22რადგან მამა არავის განსჯის, არამედ მთელი განსასჯელი ძეს გადასცა, 23რათა ყველამ პატივი მიაგოს ძეს, როგორც მამას მიაგებენ პატივს. ვინც ძეს არ მიაგებს პატივს, ის არც მამას მიაგებს პატივს, რომელმაც იგი მოავლინა. 24ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემს მომავლინებელს იწამებს, საუკუნო სიცოცხლე ექნება და არ განისჯება, არამედ გადავა სიკვდილიდან სიცოცხლეში. 25ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოდის ჟამი, და უკვე მოსულია, როდესაც მკვდრები გაიგონებენ ღმერთის ძის ხმას და ვინც გაიგონებს, იცოცხლებს. 26რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რომ ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. 27განსჯის ხელმწიფებაც მისცა მას, რადგან კაცის ძე არის იგი. 28ნუ გაგიკვირდებათ ეს, რადგან მოდის ჟამი, როდესაც ყველა, ვინც საფლავებში არის, მის ხმას გაიგონებს. 29და კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მოქმედნი კი განკითხვის აღდგომისათვის. 30ჩემთავად არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვსჯი, და ჩემი სამართალი მართალია, რადგან მე ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.




25და ნახეს იგი ზღვის გაღმა და უთხრეს მას: „რაბი, როდის მოხვედი აქ?“ 26მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით. 27ნუ ირჯებით ხრწნადი საზრდოსათვის, არამედ იმ საზრდოსათვის გაისარჯეთ, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლისათვის, რომელსაც კაცის ძე მოგცემთ თქვენ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა.“ 28უთხრეს მას: „როგორ მოვიქცეთ, რომ ღმერთის საქმენი ვაკეთოთ?“ 29მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ღმერთის საქმე ის არის, რომ ირწმუნოთ იგი, ვინც მან მოავლინა.“ 30უთხრეს მას: „რა ნიშანს იძლევი, რომ დავინახოთ და გერწმუნოთ? რას მოიმოქმედებ? 31ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ‘პური ზეციდან მისცა მათ საზრდოდ.’“ 32უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ ჩემი მამა გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან. 33რადგან ღმერთის პური ისაა, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყნიერებას.“ 34უთხრეს მას: „უფალო, მუდამ გვაძლიე ეს პური.“ 35უთხრა მათ იესომ: „მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ვინც მე მირწმუნებს, არასოდეს მოსწყურდება. 36მაგრამ გეუბნებით, რომ კიდევაც მიხილეთ, მაგრამ არ მიწამეთ. 37ყველა, ვინც მამამ მომცა, ჩემთან მოდის; ჩემთან მოსულს კი არ გავაძევებ. 38რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ გადმოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა. 39ეს არის ჩემი მომავლინებლის ნება, რომ რაც მე მომცა, არაფერი დავკარგო იქიდან, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს. 40ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.“ 41იუდევლები დრტვინავდნენ მის გამო, რომ თქვა: „მე ვარ პური, ზეციდან გადმოსული.“ 42თქვეს: „განა ეს იესო არ არის, იოსების ძე, რომლის მამას და დედას ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეციდან გადმოვედიო?“ 43მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის. 44არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი ჩემმა მომავლინებელმა მამამ არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. 45წინასწარმეტყველებს უწერიათ: ‘და ყველა განისწავლება ღმერთის მიერ.’ ყველა, ვინც უსმენს მამას და განისწავლება, ჩემთან მოდის. 46არავის უხილავს მამა, მხოლოდ მან, ვინც ღმერთთანაა, იხილა მამა. 47ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს. 48მე ვარ პური სიცოცხლისა. 49თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და მოკვდნენ. 50ხოლო ეს არის პური, რომელიც ზეციდან გადმოვიდა და ვინც შეჭამს მას, არ მოკვდება. 51მე ვარ ცოცხალი პური, რომელიც ზეციდან გადმოვედი; ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე იცოცხლებს. პური, რომელსაც მე გავცემ, ჩემი ხორცია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისათვის გავცემ.“ 52იუდეველები ერთმანეთს ედავებოდნენ და ამბობდნენ: „როგორ უნდა მოგვცეს თავისი ხორცი საჭმელად?“ 53უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. 54ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს. და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს. 55რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი ჭეშმარიტი სასმელი. 56ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის შემსმელი ჩემში რჩება, და მე – მასში. 57როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და მე მამაში ვცოცხლობ, ასევე ჩემი მჭამელი იცოცხლებს ჩემში. 58ეს არის პური, რომელიც ციდან გადმოვიდა. ისე კი არა, თქვენმა მამებმა რომ ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი უკუნისამდე იცოცხლებს.“ 59ამას ამბობდა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა.




12და კვლავ დაიწყო იესომ და თქვა: „მე ვარ ნათელი ქვეყნისა. ვინც მე გამომყვება, არ ივლის ბნელში, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.“ 13უთხრეს მას ფარისევლებმა: „შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე, შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.“ 14მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მე თუ ჩემს თავზე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ. 15თქვენ ხორცის მიხედვით განსჯით, მე კი არავის განვსჯი. 16და მე თუ განვსჯი, ჩემი განსჯა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო არ ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი. 17თქვენს რჯულშიც წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია. 18მე ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზე მოწმობს მამა, ჩემი მომავლინებელი.“ 19უთხრეს მას: „სად არის შენი მამა?“ უთხრა მათ იესომ: „არც მე მიცნობთ, არც ჩემს მამას. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცოდინებოდათ.“ 20ეს სიტყვები წარმოთქვა იესომ საგანძურთან, როდესაც ტაძარში ასწავლიდა. და არავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ დამდგარიყო მისი ჟამი.



1და რომ მიდიოდა, დაინახა კაცი, შობიდანვე ბრმა. 2ჰკითხეს მოწაფეებმა: „რაბი, ვინ შესცოდა, ამან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?“ 3მიუგო იესომ: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღმერთის საქმენი გამოცხადდეს მასზე. 4ჩვენ უნდა ვაკეთოთ მისი საქმეები, ვინც მე მომავლინა, სანამ დღეა; მოდის ღამე, როდესაც ვეღარავინ შეძლებს კეთებას. 5სანამ ქვეყნად ვარ, მე ვარ ქვეყნიერების ნათელი.“ 6ეს რომ თქვა, მიწაზე დაანერწყვა, ნერწყვით ტალახი აზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას. 7და უთხრა მას: „წადი და მოიბანე სილოამის საბანელში“ (რაც ნიშნავს: მოვლინებული). წავიდა, მოიბანა და მხედველი დაბრუნდა. 8მეზობლებმა და მათ, ვისაც ადრე ჰყავდათ ნანახი, რომ მათხოვარი იყო, თქვეს: „ეს ის არ არის, რომ იჯდა და თხოულობდა?“ 9ერთნი ამბობდნენ: „სწორედ ისაა.“ სხვებმა თქვეს: „არა, მაგრამ მას ჰგავს.“ მან კი თქვა: „მე ვარ.“ 10მაშინ უთხრეს მას: „როგორ აგეხილა თვალები?“ 11მიუგო მან: „კაცმა, რომელსაც ჰქვია იესო, ტალახი აზილა, წამისვა თვალებზე და მითხრა: ‘წადი სილოამს და მოიბანე.’ წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები.“ 12და უთხრეს მას: „სადაა იგი?“ ამბობს: „არ ვიცი.“



7კვლავ უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვრებისა. 8ყველა, ვინც ჩემზე ადრე მოვიდა, ქურდი იყო და ავაზაკი, და ცხვრებმა არ უსმინეს მათ. 9მე ვარ კარი: ვინც ჩემით შედის, ჰპოვებს ხსნას, და შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10ქურდი კი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ, და უხვად ჰქონდეთ. 11მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვრებისთვის. 12მოჯამაგირე კი, რომელიც არ არის მწყემსი და არც ცხვრები ეკუთვნის, მოსული მგლის დანახვაზე ტოვებს ცხვრებს და გარბის. მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს. 13მოჯამაგირე კი გარბის, რადგან მოჯამაგირეა იგი და არ ზრუნავს ცხვრებზე. 14მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემებს და ჩემები მიცნობენ მე, 15როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას. და ჩემს სამშვინველს ვდებ ცხვრებისთვის. 16მყავს მე სხვა ცხვრებიც, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო და მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი. 17იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ მე ჩემს სამშვინველს ვდებ, რათა კვლავ მივიღო იგი. 18ვერავინ წამართმევს მას, არამედ მე თვითონ ვდებ მას. მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავ მის მისაღებად. ეს მცნება ჩემი მამისაგან მაქვს მიღებული.“ 19ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველთა შორის. 20ბევრმა მათგანმა თქვა: „ეშმაკეულია იგი და შეშლილი. რისთვის უსმენთ მას?“ 21სხვებმა თქვეს: „ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. განა შეუძლია ეშმაკს ბრმას თვალი აუხილოს?“



20იყვნენ იქ ბერძნებიც ამოსულთაგან, რომ თაყვანი ეცათ დღესასწაულზე. 21მივიდნენ ისინი ფილიპესთან, რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო, სთხოვეს და უთხრეს: „ბატონო, იესოს ნახვა გვსურს.“ 22მივიდა ფილიპე და უთხრა ანდრიას. და მივიდნენ ანდრია და ფილიპე და უთხრეს იესოს. 23იესომ მიუგო მათ და უთხრა: „მოვიდა ჟამი, რომ განდიდდეს კაცის ძე. 24ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება; და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს. 25ვისაც თავისი სამშვინველი უყვარს, დაკარგავს მას; ხოლო ვისაც თავისი სამშვინველი სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას. 26ვინც მე მემსახურება, გამომყვეს მე; და სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. და ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა.



31ხოლო როდესაც გავიდა, იესომ თქვა: „ახლა განდიდდა კაცის ძე და ღმერთი განდიდდა მასში. 32რაკი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავისთან და მალე განადიდებს მას. 33შვილებო, კიდევ მცირე ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ და როგორც იუდეველებს ვუთხარი: ‘სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ იქ მოსვლას,’ – თქვენც იმასვე გეუბნებით ახლა. 34ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. 35იმით გაიგებს ყველა, რომ ჩემი მოწაფენი ხართ, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.“



1„ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. 2ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით: მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ თქვენ. 3და როდესაც წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და წაგიყვანთ ჩემთან, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ. 4სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით გზა.“ 5ეუბნება მას თომა: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და როგორ გვეცოდინება გზა?“ 6ეუბნება მას იესო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემი მეშვეობით. 7მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცოდინებოდათ. ამიერიდან იცით ის და გინახავთ იგი.“ 8ეუბნება მას ფილიპე: „უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის.“ 9ეუბნება მას იესო: „ფილიპე, ამდენი ხანია თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ მე? ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა. როგორღა ამბობ, გვიჩვენე მამა? 10არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, რომელთაც გეუბნებით, ჩემგან არ ვამბობ, არამედ მამა, რომელიც ჩემშია, აკეთებს თავის საქმეებს. 11მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ. 12ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ. 13და რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, იმას ვიქმ, რათა განდიდდეს მამა ძეში. 14თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.


15თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით. 16და მე შევევედრები მამას და ის მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ, 17ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია ქვეყნიერებას, რადგან ვერ ხედავს და არ იცნობს მას. თქვენ კი იცნობთ მას, რადგან თქვენთან დარჩება და თქვენში იქნება. 18ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან. 19კიდევ ცოტაც, და ქვეყნიერება ვეღარ მიხილავს მე, თქვენ კი მიხილავთ მე, რადგან მე ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ. 20იმ დღეს გაიგებთ, რომ მე ჩემს მამაში ვარ და თქვენ ჩემში, და მე თქვენში. 21ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები მას.“ 22ეუბნება მას იუდა, არა ისკარიოტელი: „უფალო, რას ნიშნავს ეს, რომ შენ ჩვენ გამოგვეცხადები და არა ქვეყნიერებას?“ 23მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვისაც მე ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. და ჩვენ მივალთ და მასთან დავივანებთ. 24ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა. 25ეს გითხარით თქვენ თქვენთან ყოფნისას, 26ხოლო ნუგეშისმცემელი – სულიწმიდა – რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით ყველაფერს და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს. 27მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. ისე კი არ გაძლევთ, ქვეყანა რომ იძლევა. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება. 28თქვენ ისმინეთ ჩემი ნათქვამი: მივდივარ და დავბრუნდები თქვენთან. რომ გიყვარდეთ, გაგეხარდებოდათ, რომ მამასთან მივდივარ, რადგან მამა ჩემზე დიდია. 29ახლა გითხარით ეს, სანამ ახდებოდეს, რათა როდესაც ახდება, ირწმუნოთ. 30ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან მოდის ქვეყნიერების მთავარი და არაფერი არა აქვს ჩემში. 31მაგრამ, რათა გაიგოს ქვეყანამ, რომ მიყვარს მამა და ისე ვაკეთებ, როგორც მამამ მიბრძანა, ადექით, წავიდეთ აქედან!“



1„მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, ჩემი მამა კი მევენახეა. 2ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემზე მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს გაწმენდს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. 3თქვენ უკვე განწმედილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით. 4დარჩით ჩემში და მე თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თვითონ, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით. 5მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს გამოიღებს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ. 6ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და დაჭკნება. ისინი მოგროვდება, ცეცხლში ჩაიყრება და დაიწვება. 7თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რაც გსურთ, და გექნებათ. 8ამით განდიდდება ჩემი მამა, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფენი იქნებით. 9როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში. 10თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში. 11ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სრული იყოს. 12ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. 13არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე მას, ვინც თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის. 14თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც გაძლევთ მცნებად. 15აღარ გიწოდებთ მონებს, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგან ყველაფერი, რაც ჩემი მამისგან მოვისმინე, გამცნეთ თქვენ. 16თქვენ არ აგირჩევივართ მე, არამედ მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს. მაშინ რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ. 17ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი.




1ეს თქვა იესომ, ცას მიაპყრო თვალი და თქვა: „მამაო, დადგა ჟამი, განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ. 2რადგან შენ მიეცი მას ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. 3ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ შეგიცნონ შენ, ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, და ის, ვინც შენ მოავლინე – იესო ქრისტე. 4შენ მე განგადიდე დედამიწაზე იმ საქმის აღსრულებით, რომელიც მომეცი, რომ გამეკეთებინა. 5ახლა კი შენ განმადიდე მე, მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან სამყაროს გაჩენამდე. 6შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებისგან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, და შენი სიტყვა დაიცვეს მათ. 7ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა. 8რადგან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, გადავეცი მათ. და მიიღეს მათ და ცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე. 9მათთვის გევედრები; ქვეყნიერებისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, რომლებიც მომეცი მე, რადგან შენები არიან ისინი. 10ყველაფერი ჩემი – შენია, შენი კი – ჩემი, და მე მათში განვდიდდი. 11მე აღარა ვარ ქვეყნიერებაზე, მაგრამ ესენი არიან ქვეყნიერებაზე. მე კი შენთან მოვდივარ. წმიდაო მამაო, დაიცავი შენი სახელით ისინი, რომლებიც მე მომეცი, რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ. 12როდესაც მათთან ვიყავი, ვიცავდი მათ შენი სახელით. ისინი, რომლებიც შენ მომეცი, დავიფარე, და არავინ დაღუპულა მათგან, დაღუპვის ძის გარდა, რათა აღსრულდეს წერილი. 13ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ამ ქვეყნად ვამბობ, რათა ჰქონდეთ ჩემი სიხარული სრულად. 14მე მათ მივეცი შენი სიტყვა, და ქვეყნიერებამ მოიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერებისანი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერებისა. 15არ გევედრები, რომ ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი, არამედ დაიცვა ბოროტისაგან. 16ქვეყნიერებისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერებისა. 17განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა არის ჭეშმარიტება. 18როგორც შენ მომავლინე მე ქვეყანაზე, მეც ასევე მივავლენ მათ ქვეყანაზე. 19ჩემს თავს განვიწმედ მათთვის, რათა ისინიც წმიდები იყვნენ ჭეშმარიტებაში. 20მე მხოლოდ ამათთვის არ გთხოვ, არამედ იმათთვისაც, ვინც ჩემი მორწმუნე გახდება მათი სიტყვით. 21რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, და მე შენში, რათა ისინიც ერთიანნი იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს ქვეყნიერებამ, რომ შენ მე მომავლინე. 22და დიდება, რომელიც შენ მე მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთნი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი. 23მე მათში და შენ ჩემში, რათა მათი ერთიანობა სრულყოფილი იყოს, და რათა იცოდეს ქვეყნიერებამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. 24მამაო, მსურს, რომ იქ, სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ, რომელნიც შენ მე მომეცი, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც მე მომეცი, რადგან შემიყვარე სამყაროს შექმნამდე. 25მამაო მართალო, ქვეყნიერებამ არ გიცნო, მე კი შეგიცან და ამათაც შეიცნეს, რომ შენ მომავლინე მე. 26მე ვაუწყე მათ შენი სახელი, და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, იყოს მათში და მე მათში ვიყო.“



28ამის შემდეგ, როდესაც დაინახა იესომ, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, თქვა: „მწყურია!“ 29იდგა იქ ძმრით სავსე ჭურჭელი. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი უსუპზე წამოაცვეს და პირთან მიუტანეს. 30როდესაც მიიღო ძმარი იესომ, თქვა: „აღსრულდა!“ მიიდრიკა თავი და განუტევა სული. 31იუდეველებმა, რაკი პარასკევი იყო, და გვამები შაბათამდე არ უნდა დარჩენილიყო ჯვარზე, რადგან ის შაბათი დიდი დღე იყო, სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ. 32მივიდნენ ჯარისკაცები და წვივები გადაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულებს, ერთსაც და მეორესაც. 33იესოსთან მისულებმა, როდესაც დაინახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, აღარ დაუმტვრიეს წვივები. 34მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით გაუგმირა ფერდი და მყისვე გადმოვიდა სისხლი და წყალი. 35მხილველმა დაამოწმა ეს და მისი მოწმობა ჭეშმარიტია. მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენ ირწმუნოთ. 36რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: „მისი ძვალი არ შეიმუსრება.“ 37ასევე სხვა წერილიც ამბობს: „იხილავენ მას, რომელსაც უგმირეს.“



იმავე დღის – ერთშაბათის – საღამოს, როდესაც იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარი, სადაც მოწაფეები იყვნენ, შევიდა იესო, დადგა მათ შორის და უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა!“ 20ეს რომ თქვა, უჩვენა ხელები და გვერდი. სიხარულით აღივსნენ მოწაფეები უფლის ხილვით. 21კვლავ უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც მიგავლენთ თქვენ.“ 22და ეს რომ თქვა, სული შეუბერა და უთხრა: „მიიღეთ სულიწმიდა. 23ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევება, ვისზეც დატოვებთ, დარჩება.“